David Sichinava

მე ვარ დავით სიჭინავა, საზოგადოებრივი გეოგრაფი, სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის თხუთმეტწლიანი გამოცდილებით. ამჟამად ვმუშაობ ნიუ-იორკში მოქმედ კომპანია „ლანგერ-რისერჩ-ესოსიეთსში“ მკვლევარ-ანალიტიკოსად და დროგამოშვებით ვასწავლი კარლტონის უნივერსიტეტში (ოტავა, კანადა). იქამდე გახლდით „CRRC-საქართველოს“ კვლევების დირექტორი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, ასევე ვასწავლიდი თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) მოწვეული ლექტორის რანგში. პარალელურად ჩართული ვარ კვლევისა და დიზაინის ლაბორატორია „კოლექტიური სივრცის“ საქმიანობაში.

აკადემიური თვალსაზრისით, მაინტერესებს პოლიტიკა და ქალაქგანვითარება, ასევე - ყველაფერი, რაც ამ ორ დისციპლინას შორისაა. ბოლო წლებში, ვმუშაობ გლობალური საზოგადოებრივი აზრის კვლევის, არჩევნების, ურბანული პოლიტიკის, კონფლიქტებისა და იძულებით გადაადგილების თმებზე. მართალია, ჩემი პრაქტიკული საქმიანობა ძირითადად რაოდენობრივ მეთოდებს (მასობრივი გამოკითხვები, ექსპერიმენტები, ტექსტის ავტომატიზებული ანალიზი, გეოინფორმაციული სისტემები და სივრცითი ანალიზი) ეფუძნება, მტკიცედ მჯერა, რომ მეთოდოლოგიური პლურალიზმი კვლევაში ყველაზე ეფექტური მიდგომაა.

„ლანგერ-რისერჩ-ესოსიეთსში“ ვმუშაობ კომპანიის საერთაშორისო პორტფოლიოზე, კერძოდ, კვლევების მეთოდოლოგიურ საკითხებსა და ხარისხის კონტროლზე. „CRRC-საქართველოში“ ყოფნისას, ვუხელმძღვანელე ან მონაწილეობა მივიღე საჯარო პოლიტიკისა და აკადემიურ საკითხებზე ჩატარებულ სამოცამდე კვლევით პროექტში. ვმონაწილეობდი ოცამდე ანგარიშისა და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, დამიგეგმავს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ფართომასშტაბიანი პროექტები, მაგალითად - მასობრივი გამოკითხვები სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიის სხვადასხვა ქვეყანაში, ქართულენოვანი ულტრამემარჯვენე ჯგუფების სოციალური მედიის გვერდების ანალიზი. ჩამიტარებია მრავალი ფოკუსჯგუფი და სიღრმისეული ინტერვიუ.

კარიერის მანძილზე, კონსულტაციას ვუწევდი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კარტოგრაფიის, სტატისტიკური ანალიზის და კვლევის დიზაინის საკითხებზე. ჩემს კოლეგებთან ერთად დავაარსე გეორგიკა საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული აკადემიური პუბლიკაციების მონაცემთა ბაზა, Pollster.ge - პოლიტიკური გამოკითხვების აგრეგატორი და Covidinfo.ge - საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემთა აგრეგატორი.

შეგიძლიათ, მომწეროთ მისამართზე: david [at] sichinava.ge. ჩემი დეტალური რეზიუმე შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე.