დავით სიჭინავა

Language selector

მე დავით სიჭინავა ვარ, საზოგადოებრივი გეოგრაფი, სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის ათწლიანი გამოცდილებით. ამჟამად ვმუშაობ „CRRC-საქართველოში“ კვლევების დირექტორად. ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) მოწვეული ლექტორის რანგში. ასევე ჩართული ვარ კვლევისა და დიზაინის ლაბორატორიის „კოლექტიური სივრცის“ მუშაობაში.

აკადემიური თვალსაზრისით, მაინტერესებს პოლიტიკა და ურბანული განვითარება, ასევე - ყველაფერი, რაც ამ ორ დისციპლინას შორისაა. ბოლო წლებში, აქტიურად ვმუშაობ საქართველოში არჩევნებისა და სოციალური მოძრაობების, სამხრეთ კავკასიაში საცხოვრისისა და ურბანული პოლიტიკის, ასევე - კონფლიქტისა და იძულებით გადაადგილების თემებზე. მართალია, ჩემს პრაქტიკულ კვლევით საქმიანობას ფესვები რაოდენობრივ მეთოდებში (მასობრივი გამოკითხვები, ექსპერიმენტები, ტექსტის ავტომატიზებული ანალიზი, გეოინფორმაციული სისტემები და სივრცითი ანალიზი) აქვს გადგმული, მაინც მგონია, რომ მეთოდოლოგიური პლურალიზმი კვლევაში ყველაზე ეფექტური მიდგომაა.

„CRRC-საქართველოში“ მუშაობისას, ვუძღვებოდი ან მონაწილეობას ვიღებდი საჯარო პოლიტიკისა და აკადემიურ საკითხებზე ჩატარებულ სამოცამდე კვლევით პროექტში. ჩართული ვიყავი ოცამდე ანგარიშისა და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში. ამჟამად „CRRC“-ში ვგეგმავ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ფართომასშტაბიან პროექტებს, მაგალითად - მასობრივ გამოკითხვებს სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ქართულენოვანი ულტრამემარჯვენე ჯგუფების სოციალური მედიის გვერდების ანალიზს. ჩამიტარებია მრავალი ფოკუსჯგუფი და სიღრმისეული ინტერვიუ.

კარიერის მანძილზე, კონსულტაციას ვუწევდი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კარტოგრაფიის, სტატისტიკური ანალიზის და კვლევის დიზაინის საკითხებზე. ჩემს კოლეგებთან ერთად დავაარსე გეორგიკა საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული აკადემიური პუბლიკაციების მონაცემთა ბაზა და Pollster.ge - პოლიტიკური გამოკითხვების აგრეგატორი.

შეგიძლიათ, მომყვეთ ტვიტერის გვერდზე, ან მომწეროთ მისამართზე: david [at] sichinava.ge. ჩემი დეტალური რეზიუმე შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე

Menu

Language selector