დავით სიჭინავა

პოდკასტთათჳს

„ედისონ-რისერჩის“ შარშანდელი გამოკითხვის თანახმად, 2016 წლის მარტისთვის, პოდკასტებს ამერიკის 234-მილიონიანი მოსახლეობის მესამედზე მეტი უსმენდა. მართალია, ამ საქმის ქართველი მეწინავე საკუთარ აუდიტორიის რიცხოვნობას ათეულებით ზომავს, თუმცა თავმდაბლობა იქით იყოს და ამ მედიუმის ქართულენოვანი მომხმარებლების რაოდენობა რამდენიმე ათასს უნდა აღწევდეს. თავად, ორმოცამდე გადაცემა მაქვს გამოწერილი, თუმცა ნახსენები კვლევის მონაწილეების მსგავსად, კვირაში ხუთიოდე სხვადასხვა პოდკასტს თუ მოვუსმენ. ქვემოთ მოყვანილ სიაში რამდენიმეს გირჩევთ. იმედია, ქართველი პოდკასტერები არ მიწყენენ, თუკი ჩემი ჩამონათვალი ძირითადად ინგლისურენოვანი და ატლანტოცენტრული იქნება. თუ ამერიკული პოლიტიკა ან მონაცემთა ანალიზი (ან ორივე) გაინტერესებთ, მაშინ FiveThirtyEight Politics თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. მართალია, ნეით სილვერსა და კომპანიაზე მკვლევართა და პოლიტიკურ პანდიტთა წრეებში ბევრი არ გიჟდება, მაგრამ ამ მედიასაშუალების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მომზადებული დოკუმენტური სერიალებისთვის რომ მოგესმინათ, დონალდ ტრამპის თითქოს მოულოდნელი გამარჯვება არც ისე უცაბედად მოგეჩვენებოდათ. Freakonomics Radio თემატური პოდკასტების კლასიკაა. გადაცემა სტივენ დაბნერის და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, სტივენ ლევიტის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებაა, სადაც დაბნერი საგანთა დაფარული მხარეების (ანუ ეკონომიკის) შესახებ პოპულარული ენით საუბრობს, ხოლო ლევიტის მოვალეობა ამ საკითხებზე ბუზღუნით შემოიფარგლება. საერთო ჯამში, ჟურნალისტის და ცნობილი ეკონომისტის დუეტი არ მოგაწყენთ. სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური პოდკასტებიდან, ამერიკის საზოგადოებრივი რადიოს გადაცემებს და „ფორინ-პოლისის“ დისკუსიებს გამოვარჩევ. მართალია, პოდკასტი საოცრად მიკერძოებულ და მებრძოლ ანტი-ტრამპისტ დევიდ როტკოფს მიყავს, დიალოგები ძალიან სახალისო და საინტერესო გამოსდით. აუცილებლად უნდა ვახსენო The Bugle — ბრიტანელი იუმორისტის, ენდი ზალცმანის საავტორო შოუ, რომლის თანაავტორი თავის დროზე ჯონ ოლივერი გახლდათ. Bugle ნაკლებად პოლიტკორექტული და მუქი ფერის ბრიტანული იუმორის გურმანებს დააინტერესებთ. პოდკასტების ნაირგვარ ოჯახში ჩემი საყვარელი ჟანრი დოკუმენტურ-შემეცნებითი სერიალებია. Radiolab მრავალფეროვანი თემატიკით დატვირთული პოდკასტია, სადაც მოისმენთ ბერნი მედოფის, ადამიანის დნმ-ის CRISPR-მეთოდით მოდიფიცირებისა და კუნძულ გვადელუპის წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოდ ქცეულ ენოტების შესახებ. მიუხედავად თემების სიმრავლისა, თითოეული ეპიზოდი დოკუმენტური ფილმის დონეზეა მომზადებული და ძალიან საინტერესო მოსასმენია. ამავე კატეგორიას განეკუთვნება 99% Invisible, რომელიც ქალაქებით და მატერიალური კულტურით სამოყვარულოდ დაინტერესებულ აუდიტორიისთვისაა გათვალისწინებული ახლო აღმოსავლეთით გატაცებულ მსმენელებს Ottoman History Podcast-ს ვურჩევ. მართალია, როგორც ჩანს, პოდკასტის ავტორები საკუთარ აუდიტორიაში აკადემიის წარმომადგენლებს მოიაზრებენ და ხშირად მსჯელობენ ინსულარობაზე, პოსტმოდერნსა თუ სუბალტერნზე, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოფილი ოსმალეთის იმპერიის და არაბული სამყაროს ისტორიის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავსაც ყვებიან. წინამდებარე სიის ბოლო და ერთადერთი არაინგლისური წევრი, Arzamas: История культуры რუსულენოვანი ინტერნეტის ერთადერთი რესურსია, რომელსაც რეგულარულად ვეცნობი. იგი თვეში ერთხელ გამოდის და თითოეული სეზონი კონკრეტულ თემატიკას ეძღვნება. პოდკასტის ეპიზოდებში, ცნობილი რუსი მკვლევრები სამეცნიერო ჟარგონების გარეშე მოგვითხრობენ სსრკ-ის „არასაბჭოთა“ ფილოსოფიის, სამხრეთამერიკული მითების, რუსული ავანგარიდის და 1917 წლის რევოლუციის შესახებ. ლექციებს ,,არზამასის’’ ვებსაიტზე თემატური ვიზუალური მასალა და სტატიები ერთვის.

Menu